ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები უკვე უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ CNN იუწყება.
მედია ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დასავლური დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების მცირე რაოდენობა, რომლებიც მანამდე რუსეთში მომზადებისთვის ჩავიდნენ.
„როგორც ჩანს, მათი გარკვეული რაოდენობა უკვე მოქმედებაზეა გადასული“, – აღნიშნავს ერთ-ერთი წყარო.
პენტაგონის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს. მისი თქმით, შეინიშნება რუსეთის კურსკის რეგიონისკენ ასეულობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის გადაადგილება.
მისივე თქმით, პირველადი ნიშნები მიუთითებს, რომ რუსეთი აპირებს გამოიყენოს ისინი „ბრძოლებში ან კურსკის მახლობლად უკრაინული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად“.