უფასო ფულზე ტაში რამ მაკვრევინა, ვერ მომინელებია. ჩემს თავს ვეუბნებოდი, შე ოხერო, კითხვა როგორ ვერ დასვი, ფული და უფასო ვის გაუგიაო?! - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, ივანიშვილმა მიიღო ისეთი კანონი, რომლითაც “ქვეყანას პერსპექტივას უსპობს.
12 წლის წინ ყველას ყელში გვქონდა ამოსული ის ძალადობა, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, განსაკუთრებით ბოლო წლებში. არ გვინდოდა, იმ ჩაგვრას შევგუებოდით და მაშინ გამოჩნდა ის კაცი. გამოჩნდა და მხსნელი გვეგონა. უფასო ფულზე ტაში რამ მაკვრევინა, ვერ მომინელებია. ჩემს თავს ვეუბნებოდი, შე ოხერო, კითხვა როგორ ვერ დასვი, ფული და უფასო ვის გაუგიაო?!. ას ქარხანას ვუკარი მხურვალედ ტაში, ხუთი მილიონი თითო სოფელსო და მაგასაც ვუკარი ტაში… სოლარიუმი თითო სოფელსო - მაგაზეც რამ მაკვრევინა ტაში, მაგრამ დაკრული მაქვს და… „ცოდვა გამხელილი ჯობიაო"…
სამჯერ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში, სამჯერვე მოგვატყუა. ყველაფერი ჰქონდა, რომ შეესრულებინა, აბსოლუტური ძალაუფლება და შესაძლებლობა, ყველა სოფელში “ქართული ოცნება” იყო ხელისუფლებაში. რატომ არ შეასრულა, იცით? არ ვადარდებთ და იმიტომ, ადამიანებად არ მივაჩნივართ, ელექტორალური რესურსი ვართ. ესეც არ გვაკმარა, იმდენად არაფრად მივაჩნივართ, გამოვიდა და თქვა, რომ პირველი ეკონომიკა გვაქვს მსოფლიოშიო. შეურაცხყოფას გვაყენებს. დაცლილია სოფლები, გული გაგისკდება, რომ შეხედო ეკალ-ბარდებად ქცეულ ეზოებს, ჩამტვრეულ შუშებს, ჩამონგრეულ სახლებს. ნახევარი საქართველო გადახვეწილია ლუკმა-პურის საშოვნელად, სხვების მოხუცების მოსავლელად. ამის ფონზე იმდენად არაფრად მივაჩნივართ, გვატყუებს, ყველა დავასაქმეო, 700 ქარხანა მუშაობსო, უფასო ფულიც დავარიგეო. დაარიგა, აბა რა ქნა - ხუნდაძე რომ ჰყავს, 1 ლარად მისცა ასი ათასიანი ქონება, უფასოა მისთვის, აბა რა არის.
ესეც არ გვაკმარა, გორში, დაბომბილ და აწიოკებულ ქალაქში დადგა და ჩვენი ქვეყნის მტრებს, ხალხი რომ სახლებიდან გამოგვიყარა და დაგვიხოცა, იმ ადამიანებს ბოდიში მოუხადა.
მიიღო ისეთი კანონი, რომლითაც ქვეყანას პერსპექტივას უსპობს და ერთადერთი გაახარა რუსები იმიტომ, რომ მათ უქიცინებს კუდს“, - განაცხადა ელისაშვილმა.