რუსეთმა სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოაცხადა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკოზე. მათ 2022 წელს ქერჩის ხიდის აფეთქებაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ,. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ ავრცელებს.
ინასარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2024 წლის 14 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტში აღიძრა. მის წინააღმდეგ გამოძიება ერთდროულად რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს- ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთქმულებით და ასაფეთქებელი ნივთიერებების კონტრაბანდას ორგანიზებული ჯგუფის მიერ- მუხლებით. უკრაინის მოქალაქე კი თანამზრახველობაშია ბრალდებული.
ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა.ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც ახლომდებარე სატვირთო მატარებლის რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, ჩამოინგრა ნახევარკუნძულისკენ მიმავალი ხიდის საავტომობილო ნაწილი.