საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი პლატფორმა "X"-ზე წერს, რომ ილია დარჩიაშვილთან გამართულ აუდიენციაზე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.
სტივენ დაუთმა აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებები საქართველოს მოქალაქეების სურვილს, გახდნენ ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრები, ძირს უთხრის და ეჭვქვეშ აყენებს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას.
„გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე და ევროპის უსაფრთხოებაზე ვისაუბრე.
დიდი ბრიტანეთი მონაწილეობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიაში, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.
საუბრისას ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე სამოქალაქო საზოგადოებაზე მიმდინარე ზეწოლაზე, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მდგომარეობასა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ.
ამგვარი მოქმედებები ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების მკაფიო ამბიციას შექმნან თანამედროვე და ინკლუზიური საზოგადოება და ჰქონდეთ ევრო-ატლანტიკური მომავალი და ასევე, ეჭვქვეშ აყენებს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას," - წერს სტივენ დაუთი.