"ქართული ოცნების" ნაბიჯები ხელისუფლებაში მათი მოსვლის დღიდან მაპოლარიზებელია, აღვივებს შუღლსა და დაპირისპირებას და ამ მხრივ არც ეს არჩევნები გამოდგა გამონაკლისი, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
სანიკიძე გამოეხმაურა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) შუალედურ დასკვნას, რომლის თანახმადაც საარჩევნო კამპანიის გზავნილები ძირითადად, პოლარიზებული რიტორიკით არის გაჯერებული, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
"ზოგადად, "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ნაბიჯები, ხელისუფლებაში მათი მოსვლის დღიდან, უკვე 12 წელია, არის მაპოლარიზებელი, აღვივებს შუღლსა და დაპირისპირებას და ამ თვალსაზრისით არც ეს არჩევნები გამოდგა გამონაკლისი, ჩვენ ისევ ვნახეთ ახალი სტილის სისხლიანი ბანერები, ისევ ვნახეთ ნეგატიური კამპანია, მათ შორის, ჩვენს უკრაინელ ძმებთან მიმართებაში ვნახეთ მათი ტრაგედიებით ბოროტად აპელირება, მაგრამ თამამად შემიძლია თქმა, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი, მათ შორის, ამ ბინძურ კამპანიასაც გასცემს პასუხს და ჩვენს ქვეყანაში ურთიერთდაპირისპირებას, პოლარიზებას, პოლიტიკური ნიშნით ერთმანეთის დევნას ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს", - ამბობს ლევან სანიკიძე.