გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა, ეს უმძიმესი პროვოკაცია მოხდა, უშუალოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და რა თქმა უნდა, საინტერესო დეტალია ის, რომ მართალია, ეს ადამიანი ბოლომდე თავის ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს ადებს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებს, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი პირის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულს სჭირდება დამატებითი გამოძიება და ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიულ ოფისებში გრძელდება საუბრები პროვოკაციებზე, რასაც სახელმწიფო არ დაუშვებს.
„ძალიან საინტერესოა ეს დეტალები. გახსოვთ, რომ ეს უმძიმესი პროვოკაცია მოხდა, უშუალოდ, არჩევნების წინ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და რა თქმა უნდა, საინტერესო დეტალია ის, რომ მართალია, ეს ადამიანი ბოლომდე თავის ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს ადებს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებს, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს. ამას სჭირდება დამატებითი გამოძიება და ამას სჭირდება ასევე ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენა. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს, საქართველოში, პირდაპირ ემუქრებოდა 18-წლიანი ციხე და ასეთ დროს, ის კვეთს ე.წ. მწვანე საზღვარს, ცდილობს, საქართველოში შემოვიდეს უკანონოდ. ამხელა რისკზე როგორ შეიძლება წავიდეს ადამიანი, თუ ის არ შემოდის საქართველოში მორიგი დავალების შესასრულებლად. ეს არის ვარაუდი, რომელიც შეიძლება გამოითქვას, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ. ეს ფაქტი, თავისთავად, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური სიფრთხილე, საარჩევნო პროცესი წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, თუმცა კიდევ ორი კვირაა დარჩენილი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესი ბოლომდე ასე მივიყვანოთ, მშვიდ გარემოში. ამისათვის გვჭირდება პროვოკაციების პრევენცია, მათ შორის, მძიმე პროვოკაციების პრევენცია, რაზეც გრძელდება საუბარი, სხვათაშორის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიულ ოფისებში. სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად კონცენტრირებული იმისათვის, რომ არა თუ მძიმე, ვერც ერთი პროვოკაცია ვერ მოაწყონ ამ ორი კვირის განმავლობაში,“- განაცხადა პრემიერმა.