რუსეთში დაფიქსირდა დროებითი ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით „არამეგობრული ქვეყნებიდან“ მოქალაქეების რაოდენობის ზრდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის საკითხთა მთავარი დირექტორატი ტელეგრამის არხზე იტყობინება.
დირექტორატის მტკიცებით, ერთი კვირის შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებიც ახორციელებენ „დესტრუქციულ ნეოლიბერალურ იდეოლოგიურ პოლიტიკას“, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის „ტრადიციულ სულიერ და მორალურ ფასეულობებს“, მიიღეს მიმართვები გერმანიის, იტალიის, აშშ-ის, ავსტრალიის, რუმინეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მოქალაქეებისგან.
აგვისტოში პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთა პოლიტიკა ეწინააღმდეგება რუსეთის „ტრადიციულ სულიერ და მორალურ ღირებულებებს“, უფლება ეძლევათ, მიითონ დროებითი ბინადრობა რუსული ენის ცოდნის გარეშე.
კრემლის განცხადებით, გადაწყვეტილება მიიღეს „ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების“ დასაცავად და იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც ირჩევენ „რუსეთთან სულიერ, კულტურულ და სამართლებრივ კავშირს“.
განკარგულების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სამთვიან ერთჯერად ვიზებს მოქალაქეებისთვის, რომლებიც განცხადებით მიმართავენ თავიანთ ქვეყნებში რუსეთის საელჩოებსა და საკონსულოებს. თუმცა, განკარგულება არ აკონკრეტებს, როგორ მოწმდება განმცხადებლის ერთგულება „ტრადიციული სულიერი და მორალური ღირებულებებისადმი“.
20 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ გამოქვეყნა „უცხო სახელმწიფოებისა და ტერიტორიების სია, რომლებიც ახორციელებენ პოლიტიკას, რომელიც აწესებს დესტრუქციულ ნეოლიბერალურ იდეოლოგიურ პრინციპებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ტრადიციულ რუსულ ღირებულებებს“. სიაში სულ 47 სახელმწიფოა. მათ შორისაა ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა (უნგრეთის და სლოვაკეთის გარდა), ასევე აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და უკრაინა.
ივნისში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის საელჩოები და საკონსულოები ვეღარ აუდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიმართვებს, რომლების მოწადინებულნი არიან, საცხოვრებლად რუსეთში გადავიდნენ, რადგან „ისინი ტრადიციული ღირებულებების მატარებელნი არიან და არ სურთ ლიბერალური დემოკრატიის უღლის ქვეშ ცხოვრება“. ზახაროვას არ დაუკონკრეტებია, რამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო დაინტერესებული რუსეთში გადაცხოვრებით.
იმავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, საგრძნობლად შემცირდა რუსული პასპორტის აღების მსურველთა რაოდენობა: 2023 წლის პირველ 10 თვეში 50%-ით ნაკლებმა უცხოელმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთის მოქალაქეობა მიიღო 595,3 ათასმა ადამიანმა, ხოლო 2021 წლის ათ თვეში - 609,9 ათასმა.
ამასთან, 2022 წელს რუსეთიდან მასობრივი ემიგრაციის ტალღა დაფიქსირდა. პირველი ტალღა გაზაფხულზე დაიწყო, უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, მეორე - შემოდგომაზე, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. პროექტ Re: Russia-ს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი 817 000-დან 922 000-მდე ადამიანმა დატოვა. ეს არის ყველაზე მასობრივი გადინება რუსეთიდან 1920-იანი წლების შემდეგ, როდესაც მოსახლეობა გაექცა ბოლშევიკურ ტერორსა და წითელ არმიას.