ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას პასუხობს და საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისკენ მოუწოდებს.
"გავეცანით მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რას სთავაზობს საქართველოს ხელისუფლება რუსეთს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ მზადყოფნის გამოთქმაზე, მიიღონ კონკრეტული ზომები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში დასახმარებლად.
ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ შემდეგს:
ქართველ პოლიტიკოსებს შევახსენებთ, რომ საქართველომ თავად უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა რუსეთთან.
მოგეხსენებათ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ამჟამად არ არსებობს.
ამიტომ, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ და სხვა მითიური ტერმინების შესახებ არარეალურ სტერეოტიპებზე სპეკულირების ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით უნდა დაიწყონ.
რაც შეეხება აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობას, ჩვენი ქვეყნები სტრატეგიული მოკავშირეები არიან.
აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთსასარგებლო სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც განსაზღვრავს აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობას და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ერთობლივ დაცვას.
რაც შეეხება მომავალში საქართველოს მეზობელ სახელმწიფოსთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას, ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება.
საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, - აღნიშნულია განცახდებაში.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 29 სექტემბერს განაცხადა: „რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია.