საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია. მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულებს აშველებდა.
გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი.
კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მის პედაგოგებს.
შეტყობინებისთანავე გაგიზიარებთ ინფორმაციას პანაშვიდისა და დაკრძალვის შესახებ“, - წერია ინფორმაციაშუ.
შეგახსენებთ, დაპირისპირება საბურთალოზე 27 სექტემბრის ღამეს მოხდა. ახალგაზრდა კაცს ფიზიკურად სასიკვდილო ჭრილობები დანით, გულის არეში მიაყენეს. ის გვიან ღამით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მას რამდენიმე საათში გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.