თბილისის სანდრო ახმეტელის თეატრში კამერული და მონო სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის მსახიობები მონაწილეობენ, ისრაელის წარმომადგენლებმა, თემაზე “დისპორები იერუსალიმისკენ”, სპექტაკლი წარმოადგინეს.
მასში მონაწილეობდა გიდეონ მეირი - ისრაელის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრის, გოლდა მეირის შვილიშვილი, რომელმაც სპექტაკლში ფორტეპიანოზე შეასრულა რამდენიმე ნაწარმოები, გაიხსენა ბებია და მასთან გატარებულ წლები.
წარმოდგენის მეორე მონაწილე მუსიკოსი, მხატვარი და მსახიობი მეგი რომი კი მაყურებლის წინაშე წარსდგა მონო სპექტაკლით - ფსიქოლოგიური დრამით, რომელშიც გადმოცემული იყო ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული ბედი საზოგადოებაში, რომელიც ცხოვრობს წარსულის ტრადიციებით და არ ცნობს ქალის უფლებებს. მსახიობმა მონოლოგის პარალელურად, ბრწყინვალე არტისტიზმით საკუთარი ემოცია გადმოსცა მის მიერვე ფორტეპიანოზე შესრულებული რამდენიმე ამონარიდით ცნობილი ნაწარმოებებიდან, მათ შორის „თბილისო“. მეგი რომის გარდასახვის განსაკუთრებულმა უნარმა და საშემსრულებლო ტექნიკამ მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
მანვე გიდეონ მეირთან ერთად ფორტეპიანოზე, ოთხ ხელში შეასრულა ბრამსის ნაწარმოები.
ახალგაზრდა მომღერალი ქრისტი ჯაფარიძეი კი რამდენიმე ებრაული სიმღერით წარდგა. აკომპონირებას გიდი მეირი უწევდა.
წარმოდგენის დასასრულს გოლდა მეირის შვილიშვილმა ქართული ღვინით უმასპინძლა სპეკტაკლის მონაწილეებს. ეს ჟესტი იყო არა უბრალოდ წარმოდგენის ნაწილი, არამედ, განასახიერებდა კულტურას, როგორც ორი ხალხის, ორი ქვეყნის სახელმწიფოებრივი კავშირების ერთ-ერთ მთავარ ხიდს.
ღონისძიების წამყვანები იყვნენ მსახიობები ნინუცა ნაჩხატაშვილი და გიორგი გასვიანი. ნინუცა ნაჩხატაშვილმა შეასრულა ებრაული სიმღერა “ნუმი ნუმი”, გიდი მეირის აკომპონირებით.
ფესტივალის ორგანიზებაში ახმეტელის თეატრთან ერთად მონაწილეობა მიიღო „ისრაელის სახლმა“ (ხელმძღვ. იციკ მოშე), რომელმაც იზრუნა ისრაელის წარმომადგენლების ჩამოყვანასა და ფესტივალში მონაწილეობაზე. ფესტივალი ჩატარდა ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ირაკლი გოგიას ხელმძღვანელობით.
წარმოდგენას ესწრებდა ისრაელელი საზოგადო მოღვაწე, ექსპერტი ნაციონალურ და დიასპორის საკითხებში, ხაიმ ჩესლერი.
როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა გიორგი გასვიანმა ღონისძიების დასასრულს აღნიშნა, გალუთიდან (დიასპორიდან) ებრაელთა სამშობლოში დაბრუნებამ, ისრაელის სახელმწიფოს აღდგენამ სათავე დაუდო ახალ კავშირებს. კულტურა ერთ-ერთია მათ შორის, რომლითაც საქართველო და ისრაელი ერთმანეთს ელაპარაკებიან. ჩვენ ერთმანეთის ალბათ ყველაზე მეტად გვესმის, ლხინშიც და ავბედობისასაც. ისრაელი, ებრაელი ხალხი სოლიდარულია საქართველოსი! ქართული სოლიდარობა ისრაელელ ძმებს - ვუსურვოთ გატაცებულებს დაბრუნება სახლში ჰამასის ტერორისგან! მშვიდობა ისტორიულ ერს ებრაელებს თავის დედაქალაქში, იერუსალიმში!
წარმოდგენის ბოლოს მისი მონაწილეები მაყურებლის წინაშე წარდგნენ პლაკატებით, მოწოდებით, დააბრუნონ ტერორისტებმა შარშან 7 ოქტომბერს გატაცებული ისრაელის მოქალაქეები.
ახმეტელის თეატრში დადგმულ წარმოდგენას მალე ისრაელელი მაყურებელიც იხილავს.