ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებისკენ მოუწოდებს.
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კობახიძის გამოსვლა არის საქართველოს ხელისუფლების განმეორებითი რიტორიკის მაგალითი „იგივე მითიური ტერმინებით“.
„მიგვაჩნია, რომ თუ საქართველოს ხელმძღვანელობა იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს, წარსულის დაძლევაში პოზიტიურ შედეგებს ვერ მივაღწევთ“, - ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მარიონეტული რეჟიმი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ხელი მოაწეროს დოკუმენტს აფხაზეთის „სუვერენულ სახელმწიფოდ“ აღიარების შესახებ.