ბაგების სტუდენტური საცხოვრებელი შესაბამისად ვერ გამოიყურება. 12 წლის განმავლობაში, ქართულ ოცნებას რა უშლიდა ხელს, რომ ნორმალური, ცივილიზებული და ღირსეული სტუდენტური საცხოვრებელი აეშენებინა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები დღეს ბაგებში იმყოფებოდნენ.
როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებელი "უღირსად" გამოიყურება, რადგან სტუდენტებს საცხოვრებლებში ნორმალური საარსებო პირობებიც კი არ გააჩნიათ.
„ბაგების სტუდენტური საცხოვრებელი შესაბამისად ვერ გამოიყურება. 12 წლის განმავლობაში, ქართულ ოცნებას რა უშლიდა ხელს, რომ ნორმალური, ცივილიზებული და ღირსეული სტუდენტური საცხოვრებელი აეშენებინა, სადაც რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები იცხოვრებენ და პრობლემები არ ექნებათ [...] წარმოიდგინეთ, რეგიონებიდან რომ ბავშვები ჩამოდიან, მათმა ოჯახმა რამდენი ხარჯი უნდა გაიღოს, რომ თბილისში ბინა იქირაონ. ჩამოდიან, ფულს სესხულობენ, ბოლო თეთრებს შოულობენ, ძროხას და რას აღარ ყიდიან, რომ ბავშვებს თბილისში ბინა უქირაონ. უძრავი ქონების ფასებს ცეცხლი უკიდია [...]
რა უნდოდა ამ პრობლემის მოგვარებას? სახელმწიფო ბიუჯეტი 25 მილიარდი ლარია, რამდენიმე საცხოვრებლის აშენებას კი 5 მილიონი ლარი დასჭირდებოდა. მაგრამ, მათ არ უყვართ საქართველო, ხალხი, რუსეთს ემსახურებიან და ამიტომ. ეს რუსები უნდა გავუშვათ და მათ შორის, სტუდენტური საცხოვრებლების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ. ავაშენოთ ნორმალური, ცივილიზებული და ადეკვატური საცხოვრებლები, სადაც ბავშვები ისწავლიან და იმის დარდი აღარ ექნებათ, მათი ოჯახები შემდეგ თვეში ფულს გამოუგზავნიან თუ ვეღარ, ბინას იქირავებენ თუ ვერა, სწავლის გაგრძელებას შეძლებენ თუ ვერა. ამას ჩვენ, კოალიცია ძლიერი საქართველო გავაკეთებთ. 26 ოქტომბერს ხელისუფლებას შევცვლით და 27 ოქტომბრიდან ნამდვილი პრობლემების მოგვარებას დავიწყებთ",- განაცხადა ელისაშვილმა.