51 დღე დარჩა არჩევნებამდე, ხელისუფლების ცვლილებამდე. 51 დღე დარჩა ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში გაქცევამდე - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„51 დღე დარჩა არჩევნებამდე, ხელისუფლების ცვლილებამდე. 51 დღე დარჩა ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში გაქცევამდე - ჩვენ ამას აუცილებლად ვიხილავთ. იქამდე, მსურს, დროდადრო, საქართველოს ისტორიაში ყველაზე გადამგდები, ყველაზე უპირო და საარჩევნო დაპირებების არშემსრულებელი ხელისუფლების ნათქვამი შეგახსენოთ ხოლმე და ერთად გავიხსენოთ, ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლამდე რას გვპირდებოდა. მინდა, ქართული ოცნების 100 ტყუილი დაპირების ნაწილი შეგახსენოთ.
პირველი, რაც თავში გვიტივტივდება, არის 100 ქარხანა, რასაც ივანიშვილი გვპირდებოდა. გარდა ამისა, ყველას კარგად გვახსოვს: თითოეული სოფლისთვის 5 მილიონი რომ უნდა გამოეყოთ; რამდენიმე წელში, ხეირი და სარგებელი ჯიბეზე რომ უნდა გვეგრძნო; ევროპას რომ დემოკრატიით გავაოცებდით; ნაციონალებს რომ 1 ლარი მიჰქონდათ ბენზინიდან და შესაბამისად, ბენზინის ფასს რომ გაანახევრებდნენ; ელექტროენერგია, გაზი და წყალი რომ უფასო გვექნებოდა. ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული დაპირებაც გავიხსენოთ, უფასო ფულთან დაკავშირებით. ასევე, ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ ვერცერთი ჩინოვნიკი საშუალო მოსახლეზე უკეთესად ვერ იცხოვრებდა.
12 წელია, ქვეყანას ყველაზე მატყუარა და გადამგდები პოლიტიკური ძალა მართავს. პრობლემა იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილი არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ვლადიმირ პუტინს ემსახურება და დავალებებს პირდაპირ რუსეთისგან იღებს“, - განაცხადა ელისაშვილმა.