ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაადასტურა, რომ შვედეთში პაციენტის ინფექციური დაავადება გამოწვეულია mpox ვირუსით {მაიმუნის ყვავილი} და აღნიშნა, რომ პაციენტი დაინფიცირდა ვირუსის ახალი შტამით - Clade Ib - აფრიკაში.
მედიის ცნობით, პაციენტი ამჟამად სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მკურნალობას გადის. Mpox-ის ვირუსის გამოვლენა სხვა ქვეყნებში ჯერ არ დაფიქსირებულა.
გუშინ, 15 აგვისტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფრიკაში ვირუს „მაიმუნის ყვავილის“ (mpox) მორიგ აფეთქებასთან დაკავშირებით კვლავ გამოაცხადა გლობალური საგანგებო მდგომარეობა.
მისი განცხადებით, აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ, ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში, სადაც mpox-ის გავრცელება უწინ არ შეინიშნებოდა, დაფიქსირდა ვირუსის ახალი შტამით, 1b ვარიანტით ინფიცირების 90 შემთხვევა, რაც დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და იწვევს სიკვდილს, ვიდრე ვირუსის წინა შტამის შემთხვევაში.
თავდაპირველ სიმპტომებს შორის, რომელიც მაიმუნის ყვავილისთვის არის დამახასიათებელი, არის ცხელება, თავის ტკივილი, შეშუპება და ზურგის და კუნთების ტკივილი. ტემპერატურის მომატების შემდეგ პაციენტს ეწყება გამონაყარი, რომელიც სახიდან იწყება და სხეულის სხვა ნაწილებში ვრცელდება მათ შორის ხელის და ფეხის გულებზე.
ვირუსი ადამიანებს შორის ვრცელდება ახლო კონტაქტის, განსაკუთრებით სექსუალური კავშირის შედეგად. დაავადების ძირითადი სიმპტომებია მაღალი ცხელება, გამონაყარი, ლიმფური კვანძების ანთება, კუნთების ტკივილი და სისუსტე. ავადობა როგორც წესი, 12-დან 21 დღემდე გრძელდება. გარკვეულ შემთხვევებში ფიქსირდება სიკვდილიც.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა 2022 წელსაც გამოაცხადა. იმ დროისთვის, გავრცელებული იყო ვირუსის 2b შტამი. გლობალური მასშტაბით, ვირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 16 ათასს გადააჭარბა და დაფიქსირდა 75 ქვეყანაში, უმეტესობა ამერიკასა და ევროპაში, ძირითადად გეი მამაკაცებში. საგანგებო მდგომარეობა 2023 წლის მაისში გაუქმდა.
2022 წლის ნოემბერში ჯანმო-მ ვირუსის სახელი monkeypox-ი შეცვალა mpox-ით რასისტული და სტიგმატიზებული დამოკიდებულებების გამო, რომელიც ძველი სახელწოდების ირგვლივ შეიქმნა.