აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 32 წელიწადი გავიდა.
32 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, რომელიც ომში გადაიზარდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა ე.წ. "აფხაზურმა გვარდიამ", ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.
აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა ვლადისლავ არძინბასთან 11 აგვისტოს მიღებული შეთანხმებით გადაწყდა, თუმცა რუსეთის მიერ ზურგგამაგრებულმა ე.წ. "აფხაზურმა გვარდიამ" საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებსა და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.
აფხაზეთის ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. 1992 წლის 3 სექტემბერს, მოსკოვში ედუარდ შევარდნაძე და ბორის ელცინი შეხვდნენ ერთმანეთს. ხელი მოეწერა დოკუმენტს ცეცხლის შეწყვეტის, აფხაზეთიდან ქართული სამხედრო ტექნიკის გაყვანისა და დევნილების დაბრუნების შესახებ. დოკუმენტის პირობები არ შესრულებულა და აფხაზეთში საომარი შეტაკებები ისევ გაგრძელდა.
1993 წლის დასაწყისისათვის ე.წ. აფხაზურმა ძალებმა ე.წ. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტითა და საქართველოს მიერ ჯარის გაყვანის ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებით ისარგებლეს, და მოულოდნელი შეტევით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი გაგრა აიღეს.
იმავე წელს, კვლავ ომის შეწყვეტის ხელშეკრულება დაარღვიეს და 16 სექტემბერს მათ მიერვე დაწყებულ შეტევას 27 სექტემბრისთვის უკვე აფხაზეთზე მათი სრული კონტროლის დამყარება მოყვა.
1993 წლის სექტემბერში აფხაზეთისთვის გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან გაიმართა. ალყაშემორტყმულ ქალაქს ინტენსიურად ბომბავდა რუსული არტილერია და ავიაცია.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.
ქართული სამხედრო ძალები იძულებულნი გახდნენ, აფხაზეთი დაეტოვებინათ.
1994 წლის 14 მაისს მოსკოვში ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე კიდევ ერთი ხელშეკრულება დაიდო. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.
13-თვიანმა ომმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 000-მდე პირი. 300 000-ზე მეტი მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.
2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რეგიონი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.