გორში ჯერ კიდევ 2012 წელს იყო უამრავი გეგმა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, მათ შორის გორის უნივერსიტეტის რეაბილიტაცია, მშენებლობა, მათ შორის გორის ციხის რეაბილიტაცია, რომელსაც ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ კარგად ვხედავთ, რომ ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ მხოლოდ სიღარიბე და უპერსპექტივობა მოუტანა ხალხს და ქვეყანას, -ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად გორის პარკში მოქალაქეებს შეხვდნენ.
„მიხარია, რომ ვარ აქ, თქვენთან ერთად გორში. მე ძალიან მაგარი ბებია მყავდა მეჯვრისხევიდან და მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ვგრძნობ, რომ მშობლიურ მხარეში ვარ, როდესაც ვარ აქ თქვენთან. ყველგან, სადაც ჩავდივართ, გვხვდება ძალიან რთული მდგომარეობა. გუშინ ვიყავით წყალტუბოში, იმერეთში, მანამდე ვიყავით კახეთში, აჭარაში, მაღალმთიან აჭარაში, სადაც მისასვლელი გზა არის კატასტროფულ მდგომარეობაში. ყველგან ადამიანები გვესაუბრებიან სიღარიბეზე, გაჭირვებაზე, უმუშევრობაზე, უპერსპექტივობაზე, იმაზე რომ ახალგაზრდები გარბიან სოფლებიდან და ქალაქებიდან, რადგან არანაირი პერსპექტივა აღარ არსებობს საქართველოში მათთვის. ჩვენ ეს უძრაობა, უმუშევრობა, გაჭირვება, უპერსპექტივობა, რომელიც ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ მოიტანა, მისმა კორუმპირებულმა კლანურმა მმართველობამ, რომლის საფუძველზე მდიდრდება მხოლოდ ის და მისი გარემოცვა. ადამიანები კი ღარიბდებიან, გაჭირვებული ადამიანის ჯიბიდან იღებს მილიარდერი ივანიშვილი ფულს ისევ მხოლოდ და მხოლოდ მისთვის და მისი კლანისთვის. ეს უნდა დავასრულოთ და ჩვენს ქვეყანაში უნდა მოვიტანოთ განვითარება, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური განვითარება, სამუშო ადგილები, ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა, ახალგაზრდები უნდა რჩებოდნენ საქართველოში. ის ვინც წასულია უნდა დავაბრუნოთ საქართველოში, უნდა გავამთლიანოთ ოჯახები, რომლებიც ახლა გახლეჩილია და ბავშვები უდედოდ იზრდებიან.
აქ, გორში ჯერ კიდევ 2012 წელს იყო უამრავი გეგმა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, მათ შორის გორის უნივერსიტეტის რეაბილიტაცია, მშენებლობა, მათ შორის გორის ციხის რეაბილიტაცია, რომელსაც ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. ასევე უნივერსიტეტის რეაბილიტაცია, დამატებითი ლაბორატორიების, დამატებითი შენობების აშენება, რადგან განათლება არის მთავარი ფუნდამენტი საზოგადოებისთვის. შეუძლებელია, რომ არ იყოს განათლებული ახალგაზრდობა, არ გვქონდეს ის განათლების სისტემა, რომელიც შემდეგ კონკურენტუნარიანს გაგვხდის ჩვენ და ჩვენს ახალგაზრდებს გლობალურ ბაზარზე, რომ ჩვენ მივაღწიოთ წარმატებას. დღეს საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით ქართველ ახალგაზრდებს არ აქვთ სამწუხაროდ კარგი მონაცემები, 66 ქვეყნიდან, მე-60 ადგილზე არიან წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში. მეცნიერებაში, მათემატიკაში კიდევ უფრო ცუდი შედეგია და რატომ? ჩვენი ახალგაზრდები ჭკვიანები არ არიან? პირიქით, ყველაზე ჭკვიანები არიან უდიდესი შესაძლებლობებით, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით არის დაკავებული და არ ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ განვითარდეს განათლების სისტემა, ამიტომ ეს უძრაობა ჩვენ ჩვენი ერთიანობით უნდა დავასრულოთ, ამის შესაძლებლობა გვაქვს 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერი არის შანსი ცვლილებებისთვის, ერთიანობით გამარჯვებისთვის, ევროპული მომავლის დაბრუნებისთვის და სიღარიბის დამარცხებისთვის.
ყველგან სადაც ჩავდივარ ყველა კითხულობს თუ როგორ არის მიშა და მიშა არის ძალიან მაგრად, ბრძოლის განწყობაზე. მიშამ ზუსტად იცის, რომ 26 ოქტომბერს ისიც თავისუფალი იქნება და ქვეყანაც. თავისუფლება ჩვენს ქვეყანას, თავისუფლება მიშას! გამარჯვება თითოეულ თქვენგანს და ჩვენს ქვეყანას 26 ოქტომბერს. მჯერა, რომ ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.