დემოკრატიის ფესტივალი არის შესაძლებლობა შეხვდე მოსახლეობას და იმსჯელოთ იმ პრობლემების მოგვარების გზებზე, რაც აწუხებს ხალხს, - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის ხალხთან შეხვედრა და მათთან პრობლემებზე საუბარი, რადგან პროპაგანდით არიან დაკავებული.
„სამწუხაროდ, ვერ შევძელი ამ შესანიშნავ ღონისძიებაზე დასწრება, რაც არის დემოკრატიის ფესტივალი, ვიყავი წალენჯიხაში, ვიყავი თელავში, აუცილებლად ვაპირებ ბათუმში წასვლას დემოკრატიის ფესტივალზე. ეს არის შესაძლებლობა შეხვდე ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს და ერთად იმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ის ძალიან მძიმე პრობლემები, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დგანან. მოწვევა მიღებული აქვს ქართულ ოცნებასაც, მაგრამ ბუნებრივია, მათ არ აქვთ ინტერესი, შეხვდნენ ხალხს, დაელაპარაკონ, მათ რეალურ პრობლემებზე და ნაცვლად ამისა, მუდმივად დაკავებულნი არიან პროპაგანდით, რომელიც მათ შორის, მიზნად ისახავს, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრას. გასაგებია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის, ივანიშვილს ძალიან ეშინია და ამიტომ მიუსაჯა მას ორმაგი პატიმრობა, რაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა მოსამართლედ წოდებული, მიხეილ ჯინჯოლიას მიერ, რომელიც პოლიტიკური დავალების შესრულებაა ივანიშვილის მხრიდან, ამის პრეცედენტი არ არსებობს პენიტენციურ სისტემაში, ადამიანს, რომელსაც მისჯილი აქვს პატიმრობა, რომ დამატებით, წინასწარი პატიმრობა დაუმატო. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილს წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით ეშინია მოახლოებული ცვლილებების და პრეზიდენტი სააკაშვილის შესაძლო თავისუფლების”. განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ, დემოკრატიის ფესტივალთან დაკავშირებით.