ეკონომისტი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მუჰამად იუნუსი ბანგლადეშის დროებით მთავრობას ჩაუდგა სათავეში. იგი პარიზიდან დაბრუნდა საგანგებოდ ამ თანამდებობის დასაკავებლად მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ ქვეყანა დატოვა, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე.
8 აგვისტოს საღამოს, პრეზიდენტის სასახლეში 84 წლის იუნუსმა ფიცი დადო.
ცერემონიაზე მან პირობა დადო, რომ "დაიცავს ქვეყნის კონსტიტუციას და გულწრფელად შეასრულებს თავის ახალ მოვალეობებს" და ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, შეწყვიტონ ძალადობა "ყველას მიმართ, მთელი ქვეყნის მასშტაბით".
მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბარში იუნუსმა თქვა, რომ ქვეყანას "გამარჯვების ახალი დღე ჰქონდა" და ბანგლადეშმა "მეორედ მოიპოვა დამოუკიდებლობა".
დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად მუჰამად იუნუსის დანიშვნა კატეგორიულად მოითხოვეს სტუდენტთა საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა. ბანგლადეშის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დროებითი მთავრობის საბოლოო შემადგენლობა ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა.
6 აგვისტოს ბანგლადეშის პრეზიდენტმა, დროებითი მთავრობის შექმნამდე, პარლამენტი დაითხოვა.
მუჰამად იუნუსმა ნობელის მშვიდობის პრემია 2006 წელს მიიღო მიკროსაკრედიტო სისტემის კონცეფციის დანერგვისთვის. იუნუსის მიერ დაარსებულმა Grameen Bank-მა მიკროსესხები გასცა მილიონობით ღარიბ ადამიანზე, რომელთაც სურდათ გაეზარდათ თავიანთი მცირე ბიზნესი და ამით დაეხმარა მათ სიღარიბისგან თავის დაღწევაში.