"წარმოუდგენელი უსამართლობაა, როდესაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყოველდღიურად მდიდრდება მშრომელი ქართველი ხალხის ხარჯზე, საქართველოს მოქალაქეები კი ღარიბდებიან და ელემენტარულად, საკვების საყიდლად უწევთ სხვა სახელმწიფოში გადასვლა", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
თინა ბოკუჩავას განცხადებით, უამრავ საქართველოს მოქალაქეს ყოველდღიურად უწევს თურქეთში გადასვლა იმისთვის, რომ შეიძინოს პირველადი მოხმარების პროდუქტები
"ახლა ვიმყოფებით ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტთან, თურქეთის საზღვართან, სადაც უამრავ საქართველოს მოქალაქეს ყოველდღიურად უწევს თურქეთში გადასვლა იმისთვის, რომ შეიძინოს პირველადი მოხმარების პროდუქტები. აქ საუბარია საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტზე, რადგან კატასტროფულად გაზრდილია ფასები და ადგილობრივ მოსახლეობას უწევს თურქეთში გადასვლა იმიტომ, რომ თურქეთშიც კი, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გაცილებით დაბალია ფასები საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე.
დღეს უამრავ ადამიანს შევხვდით ვალეში და ისინი გვიყვებიან თუ როგორ უწევთ ყოველდღიურად, მათ შორის ფულის შეგროვება, აგროვებენ 50-50 ლარს იმისთვის, რომ იქირაონ მანქანები, რადგან საკუთარი ავტომობილი ყველას არ ჰყავს და აქ გადასვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბუნებრივია შეუძლებელია და ასე შეგროვებული ფულით, ცოტაოდენის დასაზოგად საკვებ პროდუქტებზე საკუთარი ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის მედიკამენტების შესაძენად უწევთ გადასვლა საზღვარზე თურქეთში. ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა, როდესაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყოველდღიურად მდიდრდება მშრომელი ქართველი ხალხის ხარჯზე, საქართველოს მოქალაქეები კი ღარიბდებიან და ელემენტარულად საკვების საყიდლად უწევთ სხვა სახელმწიფოში წასვლა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. ეს აუცილებლად უნდა დავასრულოთ და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ამის შესაძლებლობა, სადაც საქართველოს მოქალაქეები ხმას მისცემენ ცვლილებას და კეთილდღეობას მათი ოჯახებისთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.