თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინას კურსკის ოლქის ტერიტორიიდან უტევს, სადაც უკრაინის ჯარები, სავარაუდოდ, ამჟამად ოპერაციას ატარებენ.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ისაუბრა.
მან დაადასტურა, რომ ამერიკულ მხარეს კავშირი აქვს უკრაინელ პარტნიორებთან სავარაუდო ოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალების მისაღებად.
”მაგრამ საერთო ჯამში, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რასაც ის აკეთებს რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ აშკარად მნიშვნელოვანია ამის გაკეთება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიასა და თავისუფლებაზე. და ჩვენ გავაგრძელებთ ამას“, - თქვა ჟან-პიერმა.
თეთრი სახლის სპიკერმა უარი თქვა პასუხის გაცემაზე იმის შესახებ, გამოიყენება თუ არა ამერიკული იარაღი ამ ოპერაციაში და მხოლოდ ის თქვა, რომ აშშ-ის პოლიტიკა უცვლელი რჩება.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ რეგიონში {კურსკის ოლქი}, ცხადია, არის რუსული ჯარები და ისინი უკრაინას უტევენ ამ რეგიონიდან, ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია ამის დავიწყება“, - დასძინა მან.
ჟან-პიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რომელიც თავს რუსული აგრესიისგან იცავს.