რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს კიევის „რეჟიმის“ მიერ რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი „დანაშაულები“.
„კიევის კრიმინალური რეჟიმი აგრძელებს რუსეთის ქალაქებისა და სოფლების უდანაშაულო მაცხოვრებლების წინააღმდეგ დარტყმებს. უკრაინელი ნეონაცისტები, რომლებიც განიცდიან წარუმატებლობას საბრძოლო ზონაში, ახორციელებენ სისხლიან ტერორისტულ აქტებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ…
ყველა ეს სისხლიანი დანაშაული დასავლეთის ცინიკური დუმილის ფონზე ხდება, რომელიც თავისი კიევის მარიონეტების დაფარვას აგრძელებს. ეს ყველაფერი მხოლოდ აძლიერებს უკრაინელი ნეონაცისტების დაუსჯელობის განცდას, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ დანაშაულებისთვის პასუხი არ მოეთხოვებათ. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, არ გადგეს განზე და მტკიცედ დაგმოს კიევის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები" - თქვა ზახაროვამ.
ზახაროვამ უკრაინისთვის პარტნიორი ქვეყნების მიერ გადაცემულ F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებზეც ისაუბრა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის F-16-ების მიწოდება არ იქნება ის „ჯადოსნური აბი“, რომლის იმედიც კიევს აქვს. ისინი ვერ მოახდენენ გავლენას საბრძოლო ზონაში არსებულ ვითარებაზე და თანმიმდევრულად განადგურდებიან რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ“, - თქვა ზახაროვამ.
რუსული მედიის ცნობით, უკრაინის ჯარებმა, რომლებიც 6 აგვისტოს შეიჭრნენ კურსკის ოლქის სუჯას რაიონში, სასაზღვრო ზონაში პოზიციების გამაგრება შეძლეს. ამასთან, უკრაინელებმა დაიკავეს სოფლები ნიკოლაევო-დარინო, დარინო და სვერდლიკოვო. გარდა ამისა, უკრაინული და რუსული ჯარები იბრძვიან გონჩაროვკასა და ოლეშნაში.
ცოტა ხნის წინ ასევე რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს სუჯის გაზსსაზომი სადგური, რომლის მეშვეობითაც გაზის ტრანზიტი ევროპაში უკრაინის გავლით ხორციელდება.
კურსკის ოლქში ბრძოლები მეორე დღეა გრძელდება. უკრაინის ჯარები რეგიონში 6 აგვისტოს შევიდნენ და სასაზღვრო ზონაში პოზიციები გაიმყარეს. ვლადიმირ პუტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევას "მასშტაბური პროვოკაცია" უწოდა.
საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა ტექნიკის მხრივ დანაკარგი განიცადეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე რუსი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის წვევამდელები, სავარაუდოდ, ტყვედ ჩავარდნენ.
ბრძოლის დაწყებიდან საზღვრისპირა დასახლებები ცეცხლის ქვეშაა. ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება სამი დაღუპულისა და 28 დაშავებულის შესახებ.