ოკუპირებული ცხცინვალის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს ე.წ. საელჩოების გახსნას ნიკარაგუასა და ვენესუელაში. ამის შესახებ ე.წ. მინსიტრმა ახსარ ჯიოევმა ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს საკითხი ჩვენი უწყების თვალთახედვის არეშია და შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში განხორციელდება“, - განაცხადა ჯიოევმა.
მისი თქმით, ე.წ.უწყება აგრძელებს მუშაობას სხვა ქვეყნების მიერ „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებაზე.
„ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება მანამდე, ვიდრე იარსებებს სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო“, - აღნიშნა კრემლის მარიონეტმა.
მანამდე ჯიოევი ნიკარაგუაში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო სანდინისტების რევოლუციის გამარჯვების 45 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
„ნიკარაგუის პრეზიდენტმა ძალიან თბილად მიგვიღო და დაინტერესდა რესპუბლიკაში არსებული ვითარებით. მან და მისმა მეუღლემ საუკეთესო სურვილები გადასცეს ხალხს და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს“, - განაცხადა ჯიოევმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთისა და საქართველოს პოზიციების დაახლოებაზე, ასევე ისაუბრა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენაზე.
„რუსეთი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მიმართ ნებისმიერი ქმედება არ შელახავს სამხრეთ ოსეთის ინტერესებს.
ჩვენი რუსი კოლეგები გვაღიარებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება სამხრეთ ოსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ამაზე საუბრობენ რუსეთში და ჩვენ ამით ვხელმძღვანელობთ“, - განაცხადა კრემლის მარიონეტმა.