აშშ-ის კონგრესსა და სენატში არავის უხსენებია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოლდოვაში ათამდე ტელევიზია დაიხურა, არავის უხსენებია, რომ მოლდოვა დღემდე რჩება დსთ-ის წევრ სახელმწიფოდ, პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვის კუთხით არის სერიოზული პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს განცხადებები არის უსამართლო. მოლდოვას შევეხები. ამ განხილვის დროს, თუ არ ვცდები, არავის უხსენებია, რომ მოლდოვაში, მარტო ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დაიხურა ათამდე მედიასაშუალება, ათამდე ტელევიზია დაიხურა მოლდოვაში. ეს საერთოდ არ ყოფილა გამხილვის საგანი აშშ-ის კონგრესსა და სენატში. არავის უხსენებია, რომ მოლდოვა დღემდე რჩება დსთ-ის წევრ სახელმწიფოდ, ასეთი რაღაცები არ უხსენებიათ. არავის უხსენებია, რომ პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვის კუთხით არის სერიოზული პრობლემები მოლდოვაში. პრაქტიკულად, აღარ არსებობს არც პოლიტიკური პლურალიზმი, არც მედიაპლურალიზმი, მოლდოვა რჩება დსთ-ის წევრად, მაგრამ არავინ ახსენებს ამ ფაქტებს.
აქედან ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ ერთი მარტივი დასკვნა: საქართველოს მიმართ არსებობს ის ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვის მიმართ. სხვანაირად ვერავინ ახსნის, რატომ არ საუბრობენ მოლდოვაში არსებულ პრობლემებზე. როდესაც მარტო ათამდე სატელევიზიო მედიასაშუალება იხურება ერთ ქვეყანაში და ამაზე არავინ საუბრობს, აქ ხომ ჩანს აშკარად მიკერძოება და ორმაგი სტანდარტი, როცა პოლიტიკური პლურალიზმი პრაქტიკულად აღარ არსებობს ქვეყანაში. აქაც ხომ ჩანს ორმაგი სტანდარტი, როცა ამაზე არავინ საუბრობს. დსთ-ის წევრად როცა რჩება მოლდოვა და იქ არ საუბრობენ ევროპული კურსიდან გადახვევაზე, აქაც ხომ ჩანს ორმაგი სტანდარტი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. მთავარია, რომ, საბოლოო ჯამში, აშშ-ის ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს სწორი, პრაგმატული, სამართლიანი პოზიცია საქართველოსთან მიმართებით და ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მიღწეული იქნეს გადატვირთვა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, აშშ არის დიდი სახელმწიფო, მსოფლიო გავლენით. ჩვენ ბევრის შეცვლა არ შეგვიძლია ამ გადატვირთვის თვალსაზრისით. ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. თუ მათი მხრიდან იქნება კეთილი ნება და იქნება შემხვედრი ნაბიჯები, ასეთ შემთხვევაში რეალურად ეს გარდატეხა იქნება უზრუნველყოფილი, რაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.