საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია ქვეყნის დემოკრატიულ გზას, - ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯოშუა ჰაკმა კონგრესში მიმდინარე მოსმენაზე, სადაც საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობენ.
მისი თქმით, ეს მოსმენა ძალიან მნიშვნელოვან დროს მიმდინარეობს, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე დემოკრატიის მომავლისთვის საქართველოში.
„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია ქვეყნის დემოკრატიულ გზას, რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები და ურთიერთობები ამერიკასთან. მან დაამტკიცა არადემოკრატიული კანონმდებლობა, მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება და დეზინფორმაცია გაავრცელა როგორც შეერთებული შტატების, ასევე მისი ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც დეკადების განმავლობაში მხარს უჭერდნენ საქართველოს. უცხოური გავლენების კანონი, რომელიც საქართველოს მმართველმა "ქართულმა ოცნებამ" 28 მაისს დაამტკიცა, ანტიდემოკრატიული ცვლილების დემონსტრირებას ახდენს. ეს კანონპროექტი პირდაპირ იმეორებს რუსეთში მოქმედ კანონს და მიმართულია, რომ გააჩეროს კრიტიკული ხმა" - აღნიშნა ჰაკმა.