რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, ჩვენ თავთან ხომ მართლები ვართ, რომ სხვისი შვილებისთვის საკუთარი შვილების რაღაც ინტერესებს ვწირავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
შეიძლება, [საქართველოს არჩევნებში] ჩარევა ყველამ მოინდომოს, რუსეთმაც და სხვამაც. ყველას თავისი ინტერესი აქვს. თან ჩვენნაირ პატარა და მოწყვლად ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია - რუბლებით დაფინანსებული, დოლარებით დაფინანსებული და ა.შ. შესაბამისად, ხელისუფლება ეროვნული და დამოუკიდებელი იმისთვის ხარ, რომ ეს ჩარევები, საფრთხეები, რუსეთისგან იქნება თუ სხვა მხრიდან, თავიდან აიცილო. აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით.
რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, ჩვენ თავთან ხომ მართლები ვართ, რომ სხვისი შვილებისთვის საკუთარი შვილების რაღაც ინტერესებს ვწირავთ და რისკის ქვეშ ვაყენებთ. ამ ზომაზე ვართ მისული. გასანქცირებენ, გასანქცირებენო, თქვენგან კი ვიგებთ, მაგრამ ეს თუ მართლა ასეა და ოჯახის წევრებსაც ეხება, ხომ საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის, იმიტომ, რომ საქართველო დამოუკიდებელი, ამაყი იყოს და მისმა მთავრობამ გადაწყვეტილებები საკუთარ ქვეყანაში მიიღოს.
შეგახსენებთ, საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებულ კითხვაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა: მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს თავისი ქვეყნის ბედი.