საერთოდ დავანებოთ თავი, ვის ვინ მოსწონს და რომელი ადმინისტრაცია, ტრამპი თუ სხვა ნებისმიერი კანდიდატი. ტრამპის არჩევის შემთხვევაში ჩნდება უდიდესი იმედი, რომ ომი დასრულდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ომის დასრულება არის ის ფაქტორი, რაც ტრამპის არჩევის შემთხვევაში გაცილებით მოსალოდნელია, ვიდრე მეორე შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ლოგიკური გაგრძელება არის, რომ საქართველოს მიმართ შეიცვლება ინტერესები და ეს აწყობს მხოლოდ ხელისუფლებას კი არა – ჩვენც გვაწყობს სუბიექტურად – ობიექტურად აწყობს საქართველოს და მის მოსახლეობას, რომ ქვეყანაში ომში ჩართვის, ომის დაწყების რისკები, ეს ინტერესები აბსოლუტურად შეიცვლება და გადალაგდება. ამიტომ არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიმარჯვოს დამაჯერებლად, საქართველოში ხელისუფლება არ უნდა შეიცვალოს და მომდევნო წელს, როცა ომი დამთავრდება, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გავაგრძელოთ განვითარება; მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე სიარული, სადაც ყველა მიღწევა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. ჩელიაბინსკში რომ იღვიძებდით, სინამდვილეში, ბრიუსელში იღვიძებთ. ამ კინოდან არის ეს ამბავი და არა – ზღაპრიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.