საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები, მოწმეები და უფლებადამცველები თავდაპირველად აქცენტს აკეთებდნენ მხოლოდ შეთქმულების მუხლზე და შეგნებულად არ ახსენებდნენ ტერორიზმის მუხლს.
„პირველი სამი დღე იცოდნენ, რომ ორი მუხლით მიმდინარეობდა გამოძიება. არა მხოლოდ ისინი, არამედ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები, მათი უფლებადამცველები, თავად მოწმეები აქცენტს აკეთებდნენ, რომ შეთქმულების მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, ტერორიზმს საერთოდ არ ახსენებდნენ. დავუშვათ, ვიდრე გამოკითხვაზე მივიდოდნენ, არ იცოდნენ, გამოსვლის შემდეგ ხომ ყველამ იცოდა, რომ ტერირორიზმის მუხლით მიმდინარეობდა და ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო გამოკითხვის პროცესშიც, როგორც მათივე ნათქვამიდან აღმოჩნდა. ტელევიზიები, პოლიტიკოსები, თავად მოწმეები ამაზე კომენტარის გაკეთებას ერიდებოდნენ, რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს? სულ მცირე, ძალიან საეჭვო არ არის? ამაში გაიშიფრნენ ისინი. ყველა საქმის კურსში იყო, რაში იყო საქმე.
თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერიროსტიულ აქტებს და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიაალებას, სხვა არაფრის შანსი რომ აქვთ, არჩევნების მოგებაზე აღარ არის საუბარი. ტერორიზმის მუხლს ცოცხალი თავით არ ახსენებდნენ. რატომ? არ იცოდნენ? დავუშვათ, მისვლის მომენტში არ იცოდნენ, მაგრამ გამოსულებმა ხო იცოდნენ? ტერორიზმის მუხლს რატომ მალავდა? ე.ი. მარტივად გაიშიფრნენ. გაუთქმელობა რანაირი არგუმენტია, გაუთქმელობა ეხებოდა ტერორიზმს და შეთქმულებას არა? ნახეთ ტელევიზიების ნარატივი, მხოლოდ შეთქმულებაზე საუბროდნენ, მესამე დღეს რომ გამოჩნდა, ტერორიზმის მუხლიც იყო, შემდეგ დაიწყეს ამაზე საუბარი. სუს-მაც დაადასტურა ტერორიზმის და შეთქმულების მუხლიც, პირველ დღეებში მათ რატომ დამალეს ტერორიზმის მუხლი? მათი მედია პირველ დღეს შეთქმულებაზე საუბროდა, წარმოუდგენელია, არ სცოდნოდათ, რომ საუბარი იყო ტერორიზმზე და ბიძინა ივანიშვილზე, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებზე, მათ აფეთქებასა და ამ გზით ხელისუფლების ცვლილებაზე. მალავდნენ და აწვებოდნენ შეთქმულების მუხლს, რომ შემდეგ როგორც იციან, ამაზე ეღლიცინათ, თითქოს მორიგი არარეალური და აბსტრაქტული გამოძიება იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარეობს, უწყებამ უკვე გამოჰკითხა რამდენიმე პირი.