ჩვენ არაერთხელ დავაკონკრეტეთ, რომ „გლობალური ომის პარტიაში“ არ ვგულისხმობთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, „გლობალურ ომის პარტიას“ აქვს ძალიან პრინციპული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში.
„რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება სხვა მიმართულებით საფრთხეებს და პრობლემებს, ჩვენ ვსაუბრობთ, ვინც ქმნის პრობლემას საქართველოსთვის, ეს არის „გლობალური ომის პარტია“ და ჩვენ არაერთხელ დავაკონკრეტეთ, რომ „გლობალური ომის პარტიაში“ არ ვგულისხმობთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს, უბრალოდ, სამწუხაროდ, „გლობალურ ომის პარტიას“ აქვს ძალიან პრინციპული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში. მე ვთქვი, რომ ევროკავშირსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ამიტომ, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ხვდება და აქვს სწორი შეფასებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. სწორედ ამის შედეგია, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული წნეხის მიუხედავად 2022 წლიდან დღემდე მოვახერხეთ ქვეყანში მშვიდობის შენარჩუნება.
მე ვეთანხმები იმ მოცემულობას, რაც არის ამ ქვეყანაში. მოცემულობა არის ის, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. ეს არის ფაქტი და მოცემულობა. მეორე მოცემულობა არის ის, რომ 2022 წლიდან დღემდე „გლობალური ომის პარტია“, მათ შორის, კონკრეტული დასავლური სტრუქტურების ჩართულობით ცდილობდა საქართველოში ომის მეორე ფრონტის გამოწვევას. სამწუხაროდ, „გლობალური ომის პარტიას“ აქვს არსებითი გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, რასაც მგონი მთელი საზოგადოება ხედავს. ეს არის მოცემულობა, აქედან გამომდინარე, ყველას შეუძლია საკუთარი დასკვნები გამოიტანოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.