ისრაელის იერიში იემენზე ჩვენი მტრებისთვის მკაფიოს ხდის, რომ არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მიწვდება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იემენზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მე მაქვს გზავნილი ისრაელის მტრებისთვის - ნუ შეცდებით ჩვენთან დაკავშირებით. ჩვენ დავიცავთ თავს ყველანაირად, ყველა ფრონტზე. ვინც ჩვენ ზიანს გვაყენებს, ძალიან ძვირს გადაიხდის თავის აგრესიისთვის“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
ნეთანიაჰუ ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს მოქმედებები ირანისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ: „ვისაც სურს იხილოს სტაბილური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთი, უნდა დაუპირისპირდეს ირანის ბოროტების ღერძს და მხარი დაუჭიროს ისრაელის ბრძოლას ირანისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ - იემენში, ღაზაში, ლიბანში, ყველგან“, - თქვა ნეთანიუაჰუმ.
ისრაელის პრემიერის განცხადებით, დარტყმა იემენში მდებარე ალ-ჰუდაიდას პორტზე, რომელსაც „ჰუსიტები“ იარაღის ტრანსპორტირებისთვის იყენებენ, იყო პირდაპირი პასუხი თელ ავივზე „ჰუსიტების“ მიერ დრონით მიტანილ იერიშზე.
„პორტი, რომელიც დაიბომბა, არ არის უდანაშაულო პორტი. მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ, ირანის მიერ „ჰუსიტებისთვის“ ლეტალური იარაღის მისაწოდებლად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, შაბათს, 20 ივლისს, ისრაელმა იემენში შიიტი ჰუსიტების მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰუდაიდაზე დარტყმები განახორციელა.