იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ გააგრძელებს ურსულა ფონ დერ ლაიენთან მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ მისმა პარტიამ „იტალიის ძმებმა“ მის წინააღმდეგ ხმა მისცეს ევროკომისიის ხელმძღვანელის მეორე ვადით არჩევისას. ამის შესახებ Reuters იუწყება.
"ჩვენ აქამდეც ვთანამშრომლობდით და მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც გვაქვს პასუხისმგებლობები გაგვაჩნია და გვესმის მათი მნიშვნელობა", - თქვა მელონიმ.
ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს ფონ დერ ლაიენის მიმართვას ევროპარლამენტში იმიგრაციის კონტროლის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ მელონიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთო ჯამში ევროპა მოითხოვს ნაკლებ რეგულირებას და გზების პოვნას ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.
მან ასევე ხაზი გაუსვა იტალიის, როგორც ევროკავშირის სიდიდით მესამე ეკონომიკის და ბლოკის დამფუძნებელი წევრის მნიშვნელობას. მან დასძინა, რომ იტალიას ჰყავს ყველაზე სტაბილური მთავრობა ევროკავშირის ყველა ძირითად ქვეყანას შორის.
„ყველა აღიარებს იტალიის წონას და როლს“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, მელონიმ აღნიშნა, რომ ის იმუშავებს მასთან, ვისაც ნოემბერში აირჩევენ შეერთებული შტატების პრეზიდენტად.
„ჩემთვის მთავარია შეერთებულ შტატებთან ალიანსის სიძლიერე. იმაზე ფიქრი, რომ „დიდი შვიდეულის“ ორ ქვეყანას შორის ალიანსი შეიცვლება ხელისუფლების ცვლილებით, სისულელეა და ბავშვური დამოკიდებულება“, - განმარტა იტალიის პრემიერმა.