ვინმეს თუ სურს და ვინმეს თუ ახარებს საქართველოს ევროინტეგრაციასთან მიმართებით რაიმე ტიპის ნეგატივი, ეს მისი პრობლემაა, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა დარჩიაშვილს კითხვა დაუსვეს, ისაუბრა თუ არა უნგრელ კოლეგასთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, „იმ ფონზე, როდესაც ბრიუსელში ამბობენ, რომ პოლიტიკური დიალოგი უნდა შეჩერდეს“, რაზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „პოლიტიკური დიალოგის შეჩერება რას ნიშნავს, არ ვიცი“.
როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო აქტიურად მუშაობს ბევრი მიმართულებით.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა საბოლოო მიზანი მიღწეულ იქნეს. პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში საკმაოდ წარმატებულად მონაწილეობდა. მას ჰქონდა ინტეგრაცია სხვადასხვა ლიდერთან, ის იყო მონაწილე ერთ-ერთი მრგვალი მაგიდის და სწორედ ასე ვხედავთ ჩვენ პოლიტიკურ დიალოგს, ჩვენს ურთიერთობებს. შესაბამისად, ვინმეს თუ სურს და ვინმეს თუ ახარებს საქართველოსთან მიმართებით რაიმე ტიპის ნეგატივი, როდესაც საკითხი ეხება ევროინტეგრაციას, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ ვაგრძელებთ და ვმუშაობთ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.