სკოლებში სავალდებულო საბაზო განათლების საფეხური მე-10 კლასამდე გაიზარდა. პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სესიის სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესწორება.
კანონში ჩაიწერა, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (ექვსი წელი - I-VI კლასები), საბაზო (ოთხი წელი - VII-X კლასები) და საშუალო (ორი წელი - XI-XII კლასები). საკანონმდებლო ცვლილება 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
განმარტებით ბარათში წერია, რა გახდა ცვლილების საფუძველი: „საკმაოდ მაღალია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც მე-9 კლასის შემდეგ ტოვებენ სკოლას (3 200-მდე მოსწავლე 2023 წელს), ხოლო მათი შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია, 9 კლასის დამთავრებით მიღებული ცოდნიდან და ასაკიდან გამომდინარე, ვინაიდან, სკოლაში შესვლის ასაკი 6 წელია, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან. ასევე მატულობს მოზარდების ისეთი რისკების წინაშე დადგომის ალბათობა, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ასაკის შეუსაბამო დასაქმება და/ან ტრეფიკინგი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრა და სხვა“.
საკანონმდებლო ცვლილებებით სამწლიანი საშუალო განათლება შემცირდა 2 წლამდე ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-წლიანი დარჩა.