„კობახიძე ცდილობს, რომ დასავლელ პარტნიორებთან რაღაც ტიპის დიალოგები ააწყოს, რომ თავის ამომრჩეველს მოაჩვენოს, რომ მოკვეთილები არ არიან დასავლეთიდან. რას უმტკიცებს თავის ამომრჩეველს, რომ ბრიტანეთის ვიზა აქვს? ამის დემონსტრირებას ახდენს, სხვას მეტს ვერაფერს“- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა დიდ ბრიტანეთში ირაკლი კობახიძის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
ცისკარიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ სადაც არ უნდა განახორციელოს ვიზიტი, მის საუბარს არაფრად ჩააგდებენ,
„დასავლეთი არის უსაფრთხოებაზე, გეოპოლიტიკაზე, დიდ მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე ფოკუსირებული, მაგრამ მათთვის ასევე მნიშვნელოვანია ღირებულებები, ფასეულობები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია. ჩვენ კი რას ვასხივებთ აქედან? არც დემოკრატია გვაქვს, არც კანონის უზენაესობა, არც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სულ ახლახან მიიღეს რუსული კანონი, გეოპოლიტიკურად დასავლეთთან პარტნიორობის ნაცვლად, ჩაეხუტნენ რუსეთს და ასეთი ქვეყნის პრემიერ მინისტრი და წარმომადგენელი ცდილობს, რომ დასავლელ პარტნიორებთან რაღაც ტიპის დიალოგები ააწყოს, რომ თავის ამომრჩეველს მოაჩვენოს, რომ მოკვეთილი დასავლეთიდან და ამ კონკრეტულ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთიდან არ არიან. რას უმტკიცებს თავის ამომრჩეველს, რომ ბრიტანეთის ვიზა აქვს? ამის დემონსტრირებას ახდენს, სხვას მეტს ვერაფერს. სინამდვილეში ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი, არანაირი პრინციპული ცვლილებები არ იქნება და ესენი რუსული კანონის გამწვევები არ არიან, რადგან მათ მიიღეს ფუნდამენტური გადაწყვეტილება, მათი პოლიტიკური მიზანი და ამოცანაა, რომ დაუპირისპირდნენ დასავლეთს, რათა ასიამოვნონ თავისი ბატონი კრემლში. აქედან გამომდინარე, სადაც არ უნდა განახორციელოს ვიზიტი, მის საუბარს არავინ არაფრად არ ჩააგდებს, სანამ ქვეყანაში არ შეიცვლება ავტოკრატია დემოკრატიით და ამ რეჟიმის პირობებში ეს არის შეუძლებელი, ამიტომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ცვლილებები არის აუცილებელი. „ოცნების“ რეჟიმი უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი კურსის შეცვლა და დაბრუნება ისევ ევროპულ ვექტორზე.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ირაკლი კობახიძე გაერთიანებულ სამეფოში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს.