ულტრამემარჯვენე რუმინელმა ევროპარლამენტარმა დიანა შოშოაკემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტში მღვდელს მიიყვანს, „ეშმაკების“ განსადევნად. იუწყება Politico.
შოშოაკე, რუმინეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „S.O.S რუმინეთის ექსცენტრიული ლიდერია, ის ცოტა ხნის წინ აირჩიეს ევროპარლამენტის წევრად.
”როგორც რუმინეთის პარლამენტში, ეშმაკები აქაც იკრიბებიან ”, - განუცხადა შოშოაკემ ჟურნალისტებს.
"მე მოვიყვან მღვდელს, რომელიც აკურთხებს კაბინეტებს, ყველგან, სადაც შევძლებ. ეს არის ჩემი რელიგიის, ჩემი რელიგიური რწმენის გამოხატვის უფლება", - თქვა მან.
პარლამენტში ყოფნის პირველ დღეს შოშოაკეს ტრადიციული რუმინული ხალხური სამოსი ეცვა. მან პარლამენტის შენობაში მირონი, საკმეველი და „წმინდა პარასკევას ხატი“ მიაბრძანა, რის შემდეგაც მისი თქმით, „მაშინვე შეიცვალა ყველას დამოკიდებულება“.
მან ასევე ისაუბრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან შეხვედრაზე, რომელიც შოშოაკეს თქმით, მის დანახვაზე გაფითრდა.
„ქალბატონ მეცოლას მივუახლოვდი, როცა დამინახა, გაფითრდა. ვთხოვე შეხვედრა, უფრო და უფრო გაფითრდა. მითხრა: „გთხოვთ მომწეროთ თქვენთვის სასურველი დრო (შეხვედრის) და ღია ვარ თქვენთან სალაპარაკოდ, - თქვა შოშოაკემ.
ამ კვირის დასაწყისში, შოშოაკემ გადაიღო ვიდეო, როგორ გადახაზა მეცოლას და მისი ოპონენტის ირენ მონტეროს სახელები, ევროპარლამენტის პრეზიდენტის არჩევისას და ბიულეტენზე დაწერა: „არასდროს უკრაინასთან“, „არასდროს ლგბტ-ს მხარდაჭერა“, „არასოდეს ევროკავშირის დიქტატურის მხარდაჭერა“.
რუმინელი დეპუტატის მცდელობის მიუხედავად, მეცოლა მეორე ვადით დიდი უმრავლესობით აირჩიეს.