ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთის შეუთანხმებელი საგარეო პოლიტიკური საქმიანობის გამო, შესაძლოა, უნგრეთში საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს არ დაესწრონ და საკუთარი სამიტი იმავე პერიოდში გამართონ. ამის შესახებ Politico იუწყება.
გამოცემის ცნობით, უნგრეთი, რომელიც ევროკავშირის საბჭოს როტაციით თავმჯდომარეობს, 28-29 აგვისტოს ბუდაპეშტში საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის გამართვას გეგმავს.
ეს განიხილება, როგორც შესანიშნავი შესაძლებლობა პრემიერომინისტრ ვიქტორ ორბანისთვის, რათა შეეცადოს ბლოკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ჩამოყალიბებას, რაც მისი საგარეო საქმეთა მინისტრს პოტერ სიიარტოს შესაძლებლობას მისცემს ყურადღების ცენტრში მოექცეს.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ორბანმა ხელი შეუშალა უკრაინის დახმარებას და ე.წ. "სამშვიდობო ვიზიტები" განახორციელა ვლადიმირ პუტინთან და სი ძინპინთან, რასაც ევროკავშირი არ ეთანხმებოდა, ბევრი საგარეო საქმეთა მინისტრი ეძებს გზას, რათა თავიდან აიცილონ მათი აზრით, კიდევ ერთ „ორბანულ პროპაგანდისტული შოუში“ მონაწილეობა.
გამოცემის სამმა წყარომ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ორბანის სამიტის პარალელურად, შესაძლოა, მინისტრები მოიწვიოს საგარეო საქმეთა მინისტრების "ოფიციალურ“ საბჭოზე.
„თუკი საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალური საბჭო, რომელიც ორგანიზებული იქნება უმაღლესი წარმომადგენლის {ბორელის} მიერ, იმავე დღეს გაიმართება, მინისტრები ვერ შეძლებენ ბუდაპეშტში გამგზავრებას“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.
გამოცემის კიდევ ერთმა თანამოსაუბრემ დასძინა, რომ ბუდაპეშტის სამიტის ბოიკოტით, სხვა საგარეო საქმეთა მინისტრებს სურთ „გააგზავნონ მკაფიო სიგნალი, რომ უნგრეთი არ საუბრობს ევროკავშირის სახელით“.
როგორც იუწყებიან, აღნიშნული გეგმა უკვე არაფორმალურად განიხილება ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან, განსაკუთრებით საფრანგეთთან და გერმანიასთან. ოთხშაბათს, ბორელის გუნდი, სავარაუოდ, მას ევროკავშირის 27 მუდმივ წარმომადგენელს წარუდგენს.