51-მა ნობელის პრემიის ლაურეატმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომლის ავტორებიც პოლიტიკოსებს უკრაინასა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დასრულებისკენ მოუწოდებენ. მიმართვის ადრესატები არიან კონფლიქტების მხარეები და ასევე რომის პაპი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, დალაი ლამა, გაერო, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.
„ადგილობრივი ომები აღარ არის ლოკალური და პირველად ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სისხლიანი ომი - რუსეთსა და უკრაინას შორის - ანადგურებს ევროპის კონტინენტს.
ამ გაჭიანურებული კონფლიქტის შედეგები, რომელიც უკვე მესამე წელია, გავლენას ახდენს მთელ რიგ ქვეყნებზე: ის იწვევს შიმშილობის გაუარესებას აფრიკაში, მიგრაციის კრიზისს ევროპაში და ყოველი დაბომბვისას ტოქსიკური ნივთიერებების გაჟონვას წყალში, საკვებსა და რძეში, რომლებსაც მოიხმარენ ადამიანები ექვს კონტინენტზე.
გარდა ამისა, წლის ბოლომდე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ცენტრალურ ევროპაში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა მილიონს გადააჭარბებს“, - ნათქვამია წერილში.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის ომის ფონზე, მსოფლიოში თავდაცვის ბიუჯეტები იმდენად გაიზარდა, რომ სხვა მიზნებისთვის დახარჯულ ამ თანხებს შეეძლო შეენელებინა გლობალური კლიმატის ცვლილება ან მსოფლიო შიმშილი აღმოეფხვრა მომდევნო ოთხმოცი წლის განმავლობაში.
"მიეცით ჩვენს შვილებს ჩვენ შემდეგ ცხოვრების საშუალება. მოდით ერთმანეთს კი ნუ დავხოცავთ, არამედ ვიხსნათ პლანეტა... თუ პოლიტიკოსები ვერ თანხმდებიან, დაე, მიანდონ ამ საკითხების გადაწყვეტა მომავალი თაობების სამსჯავროს და ცეცხლი შეწყვიტონ", - ხაზგასმულია მიმართვის ტექსტში.