პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ვარშავა განიხილავს კიევის წინადადებას, უკრაინის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდოს პოლონეთის ტერიტორიისკენ მიმავალი რუსული რაკეტები.
ეს წინადადება შეტანილია ორ ქვეყანას შორის თავდაცვის ერთობლივ შეთანხმებაში, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავაში ხელი მოაწერა.
"ამ ეტაპზე ეს არის იდეა. ჩვენ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ამ იდეას შევისწავლით", - განაცხადა სიკორსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი ფრონტისპირა სახელმწიფოა და რუსული რაკეტები არღვევს მის საჰაერო სივრცეს.
„ჩვენი დილემა ასეთია: თუ მათ ჩამოვაგდებთ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ჩვენს საჰაერო სივრცეს დაარღვევენ, მაშინ ნამსხვრევები საფრთხეს შეუქმნიან ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ტერიტორიას.
უკრაინელები კი ამბობენ: „გთხოვთ, ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ, გავაკეთოთ ეს ჩვენს საჰაერო სივრცეში, როდესაც არსებობს რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლის გარდაუვალი საფრთხე“, - თქვა მინისტრმა.
”ჩემი აზრით, ეს არის თავდაცვა, მაგრამ ჩვენ შევისწავლით ამ იდეას”, - დასძინა სიკორსკიმ.
ცოტა ხნის წინ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა თქვა, რომ ვარშავა ნატო-ს მოკავშირეებთან კონსულტაციებისა და მათ თანხმობის გარეშე რუსული რაკეტის ჩამოგდების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.