ნიუ-მექსიკოს მოსამართლემ ჰოლივუდის მსახიობს, ალეკ ბოლდუინს მოუხსნა კინოოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის არაგანზრახ მკვლელობის ბრალდება, მას შემდეგ რაც მსახიობის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროკურატურამ საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულება დამალა. იუწყება BBC
42 წლის უკრაინელი ჰალინა ჰატჩინსი 2021 წლის შემოდგომაზე, ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ერთ-ერთი სცენის რეპეტიციის დროს დაიღუპა ბოლდუინის მიერ რევოლვერიდან გასროლის შედეგად. როგორც გაირკვა, ფუჭი ტყვიების ნაცვლად იარაღი საბრძოლო ვაზნებით იყო დატენილი.
მანამდე დადგინდა, რომ ფილმის პიროტექნიკოსმა ჰანა გუტიერეზ-რიდმა შემთხვევით შეურია სარეკვიზიტო ტყვიები ნამდვილ საბრძოლო მასალას, რომელიც მან სახლიდან მოიტანა. ამ წლის დასაწყისში იგი დამნაშავედ ცნეს არგანზრახ მკვლელობაში და 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ბოლდუინმა უხეშად უგულებელყო უსაფრთხოების ზომები გადასაღებ მოედანზე. მას ასევე 18-თვიანი პატიმრობა ემუქრებოდა. მსახიობი დანაშაულს უარყოფდა.
ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ბოლდუინის სასამართლო პროცესი 10 ივლისს აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატის დედაქალაქ სანტა-ფეში დაიწყო და მხოლოდ სამ დღეს გაგრძელდა.
ადვოკატებმა საქმის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა 12 ივლისს დილით შეიტანეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ პროკურორებმა არ გადასცეს დაცვის ჯგუფს ძირითადი მტკიცებულებები - საქმეში დართული ტყვიები.
ამასთან, მათ ეჭვქვეშ დააყენეს გამოძიების მიმდინარეობა და მიუთითეს შემთხვევის ადგილზე მომუშავე გამომძიებლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე.
სასამართლო პროცესზე ექსპერტ-კრიმინალისტმა განაცხადა, რომ პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა ტროი ტესკემ, გამომძიებლებს მიაწოდა ნამდვილი საბრძოლო ტყვიები, რომელიც შესაძლოა საქმესთან ყოფილიყო დაკავშირებული.
ტესკე მეგობრობს ამ საქმეზე მსჯავრდებული ჰანა გუტიერეს-რიდის მამინაცვალთან. ის ასევე ურთიერთობდა გადამაღები ჯგუფის წევრთან, რომელიც რეკვიზიტების საკითხებს აგვარებს.
ბოლდუინის ადვოკატის თქმით, ტყვიები შესაძლოა ჰატჩინსის სიკვდილს უკავშირდებოდეს, მაგრამ სხვა საქმეში სხვა ნომრით იყო რეგისტრირებული.
პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ ტყვიები არ იყო დაკავშირებული საქმესთან და არ ემთხვეოდა გადასაღებ მოედანზე აღმოჩენილ ტყვიებს.
თუმცა, მოსამართლე მერი მარლოუ სომერმა დაადგინა, რომ ეს ტყვიები უნდა გადაეცათ ბოლდუინის ადვოკატებისთვის.
”ხელისუფლებისთვის ამ ინფორმაციის დამალვა იყო მიზანმიმართული. სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა გამოასწოროს ეს შეცდომა“, - თქვა მან.
შედეგად, ერთ-ერთმა სპეცპროკურორმა თანამდებობა დატოვა, მოსამართლემ კი ნაფიც მსაჯულთა სხდომა დაითხოვა და საქმე დახურა.
როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, ალეკ ბოლდუინმა ცრემლები ვერ შეიკავა.
პროკურორები ვერ შეძლებენ ბოლდუინის წინააღმდეგ ბრალის ხელახლა წარდგინებას, რადგან სასამართლომ საქმე მთლიანად შეწყვიტა ხელახლა გახსნის უფლების გარეშე.