აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა მეორე სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან ანდრეი ბელოუსოვთან.
ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა საბრინა სინგჰმა ბრიფინგზე განაცხადა.
სინგჰის თქმით, ოსტინსა და ბელოუსოვს შორის საუბარი 9-11 ივლისს ვაშინგტონში ნატო-ს სამიტის შემდეგ შედგა.
„მდივანმა ოსტინმა ხაზი გაუსვა საკომუნიკაციო არხების შენარჩუნების აუცილებლობას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე“,- აღნიშნა სინგჰმა.
მოგვიანებით პენტაგონის სპიკერმა განმარტა, რომ ზარი "რუსული მხარის ინიცირებული იყო".
ეს არის მეორე სატელეფონო საუბარი აშშ-სა და რუსეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს შორის. მანამდე ოსტინმა და ბელოუსოვმა 25 ივნისს ისაუბრეს. უფრო ადრე აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს შორის ბოლო საუბარი 2023 წლის მარტში შედგა.