ჩრდილოეთ პოლონეთის ქალაქ გდინიაში, M-346-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი საჰაერო შოუსთვის მომზადების დროს ჩამოვარდა. პილოტი დაიღუპა.
თვითმფრინავი მანევრებს ასრულებდა შაბათს დაგეგმილი შოუსთვის - გდინიას საზღვაო საავიაციო ბრიგადის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებისთვის.
რაღაც მომენტში თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო. პილოტმა, რომელიც ბორტზე მარტო იმყოფებოდა, მიწასთან შეჯახების თავიდან აცილება ვერ შეძლო.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობის სპიკერმა მარეკ პავლაკმა მედიას განუცხადა რომ თვითმფრინავს "ძალიან გამოცდილი" პილოტი მართავდა.
კატასტროფის გარემოებებს ავიაკატატსროფების საგამოძიებო ეროვნული კომისია გამოიძიებს. M-346-ის ჩამოვარდნის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარის გამო ავიაშოუ გაუქმდა.