საქართველოს პარლამენტმა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპრექტი, რომლის თანახმად, ბრაკონიერობის პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შევიდა.
კანონით, რომელიც 2024 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება, ელექტროშოკური მოწყობილობა „თევზჭერის ელექტროიარაღად“ დაკვალიფიცირდა. თევზჭერის ელექტროიარაღისა და თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის უკანონო ბრუნვა კი, მკაცრად დარეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი მუხლით - 181 პრიმა 6. ამ მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება. თევზჭერის ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება და 6 000 ლარი იქნება.