საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რუსეთს ქართველთა ეთნიკური ნიშნით დევნაში ისევ ადანაშაულებს.
სწორედ აღნიშნულს უკავშირებს ბაქრაძე მოსკოვში 19 წლის ედუარდ ღურცკაიას მკველობას და მომხდარზე პასუხისმგებლობას ინციდენტში მონაწილე მილიელების გარდა იმ რუს პოლიტიკოსებსაც აკისრებს, რომლებიც ქართველებისგან მტრის ხატს ქმნიან.
"ეს არის ეთნიკური ნიშნით ადამიანის მოკვლის კიდევ ერთი ფაქტი. ჩვენ ძალიან ბევრი გვახსოვს რუსეთში ეთნიკური ნიშნით ქართველების შევიწროების შესახებ. გვახსოვს ისტორიები, როდესაც რუსეთის პირველი პირების ბრძანებით ხდებოდა ქართველების დეპორტირება, ხდებოდა სკოლებიდან ქართველი ბავშვების გამოდევნა. აღნიშნულმა შეუძლებელია გავლენა არ იქონიოს თუნდაც რიგითი მილიციონერის მენტალიტეტზე. აქედან გამომდინარე, ედუარდ ღურცკაიას სიკვდილი გარდა იმ რუსი მილიციონერებისა, რომლებსაც ეს ჩაიდინეს, ასევე იმ რუსი პოლიტიკოსების სინდისზეა, რომლებიც წლების განმავლობაში ქართველებისგან მტრის ხატს ქმნიდნენ", - განუცხადა ბაქრაძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ედუარდ ღურცკაია, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი იყო, რუსმა მილიციონრებმა მოსკოვში 2 დღის წინ ცემაში მოკლეს.