ისევე როგორც 9 აპრილს, დღესაც გვინდა "ცრემლის შეშრობა" ერთმანეთისთვის, - ამის შესახებ რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ სამოქალაქო მოძრაობა "აირჩიე ევროპას" დაფუძნებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მართლა მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ და რაღაც იმედი, რომელიც ასე გვჭირდება, დღეს ძალიან გამიძლიერდა. საუკუნეთა მანძილზე საქართველო ყოველთვის იყო მარტო, ჩვენ განწირული ვიყავით მარტოობისთვის, ეს პატარა, ქრისტიანული ერი გარშემორტყმული უზარმაზარი აგრესიული იმპერიებით, მერე მოხდა რაღაც საოცრება, უფრო სწორად, ეს სულისკვეთება, სწრაფვა თავისუფლებისკენ ეს იყო საქართველოს ეროვნული იდეა და აი, ამ იდეით მოვედით იმ დღემდე, როდესაც დაინგრა ის საშინელი კედელი, რკინის ფარდა ჩამოინგრა და ჩვენ აღმოვჩნდით თავისუფლები.
პირველად, ნამდვილი შეგრძნება ერთობისა მქონდა 9 აპრილს, იქამდე, სანამ დაინგრეოდა ეს კედელი, როდესაც ვიდექით იმ მოედანზე, როდესაც ხალხი არ შეკრთა და იდგა მედგრად, როდესაც ჩვენკენ წამოვიდა საბჭოთა ტანკები. ეს არ იყო განწირული სულისკვეთება, ეს იყო, პირიქით, რწმენა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. მერე მეგონა, რომ მთელი საქართველო მღეროდა "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები, შევუშროთ ერთმანეთს ცრემლი", ეს იყო სოლიდარობის გამოვლინება. "შევუშროთ ერთმანეთს ცრემლი" - დღესაც გვაქვს ბევრი ეს ცრემლი, დღესაც გვინდა ცრემლის შეშრობა ერთმანეთისთვის. მერე ეს გრძნობა, რომ ჩვენი მარტოობა დასრულდა, როდესაც ჩვენ ვიდექით ევროპის საბჭოს წინ, საქართველოს პრეზიდენტი, დელეგაციის წევრები და ჩვენი დროშა ადიოდა ნელა, მაღლა, საფრანგეთისა და გერმანიის დროშებს შორის და მაშინ ვიცოდი, რომ მორჩა, გათავდა, არასდროს მარტო აღარ ვიქნებით, უკვე ვართ იმ შესანიშნავი ერთობის წევრი, რომელიც არის ევროპა.
დღეს კიდევ ერთხელ ვდგავართ არჩევანის წინაშე - მართალი გითხრათ, ეს ისეთი მოულოდნელობაა და ისეთი წარმოუდგენელი განცდაა, რომ კიდევ ერთხელ ვირჩევთ ევროპას, მაგრამ უსათუოდ ვირჩევთ, უსათუოდ ვიქნებით ყველა ერთად. მე მიხარია, რომ ჩვენ ახლა ასე ერთად ვართ, გაერთიანებულები და ერთად, უსათუოდ ყველა მივაღწევთ გამარჯვებას“. {ფორმულა}