თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკავშირდება ერთის მხრივ, აშშ-ის მხრიდან „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნის გადადებასა და მეორეს მხრივ, ევროკავშირის მხრიდან ევროპის მშვიდობის ფონდის რესურსების ხელმისაწვდომობას, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დასანანი და გაუგებარი უწოდა. მისი თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ძალიან ბევრი და წარმატებული შედეგი გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე პარტნიორი სახელმწიფოებისთვის. „მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ წვრთნები და განსაკუთრებით, საერთაშორისო წვრთნები, ატარებენ კონკრეტულ სარგებელს როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, ასევე აშშ-სთვის და ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ წვრთნებში იღებს მონაწილეობას, რადგანაც ხელს უწყობს ერთის მხრივ, ჩვენი ურთიერთთავსებადობის გაზრდას, მეორეს მხრივ, გამოცდილებას აძლევს უმაღლეს პროფესიონალებს, სამხედრო მოსამსახურეებს და ასევე, საშუალებას იძლევა, რომ გავიცნოთ, თვალი გავუსწოროთ ახალ გამოწვევებს. შესაბამისად, კოორდინირებულად ვიმოქმედოთ და გვქონდეს ამაზე კოორდინირებული რეაგირება.
თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის დეპარტამენტს აქვთ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება და ასევე გეტყვით, რომ ვაგრძელებთ მზადებებს სხვა საერთაშორისო სწავლებებისთვის" , - თქვა ჩიქოვანმა.
ევროპის მშვიდობის ფონდიდან რესურსების გაყინვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე მინისტრმა უპასუხა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებაც იქნება გადახედილი. „ეს რესურსები კონკრეტულ პროექტებთან იყო მიმართული, რომელიც უკავშირდებოდა, ძირითადად, არალეტალური იარაღის და საშუალებების გაძლიერებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც შევძლებთ ამ პროგრამების ერთობლივ განხორციელებას“, - განმარტა მან. ხოლო გერმანიის მხრიდან დახმარებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, პოზიტიური შედეგები, რომელიც აქვს საქართველოს და აქვს ჩვენს პარტნიორებსაც. ამოცანები, მიზნები და გამოწვევები, რომლებზეც ჩვენ ერთად ვმუშაობდით, იყო ერთობლივი ამოცანები და გამოწვევები. შესაბამისად, შედეგებიც ურთიერთსასარგებლო იყო და არა მხოლოდ ერთი მხარისთვის სასარგებლო“.