პოლონეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ვესლავ კუკულამ განაცხადა, რომ პოლონეთმა უნდა მოამზადოს თავისი ჯარი სრულმასშტაბიანი კონფლიქტისთვის. იუწყება Reuters.
როგორც მედია აღნიშნავს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ ვარშავამ თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 4%-ზე მეტად გაზარდა.
„დღეს ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩვენი ძალები სრულმასშტაბიანი კონფლიქტისთვის და არა ასიმეტრიული ტიპის კონფლიქტისთვის“, - განაცხადა კუკულამ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ეს აიძულებს ვარშავას იპოვოს კარგი ბალანსი სასაზღვრო მისიასა და სამხედრო წვრთნების ინტენსივობის შენარჩუნებას შორის.
მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მოუწოდეს ევროკავშირს, ააშენოს თავდაცვითი ხაზი რუსეთისა და ბელარუსის საზღვართან.