ნორვეგია უკრაინას F-16-ის ტიპის ექვს გამანადგურებელს გადასცემს. ამის შესახებ გამოცემა Verdens Gang ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის იონას გარ სტიორეს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც მან ვაშინგტონში ნატო-ს სამიტზე გააკეთა.
სტიორეს განცხადების თანახმად, მიწოდება მიმდინარე წელს დაიწყება.
„უკრაინის უნარი, დაიცვას თავი საჰაერო თავდასხმებისგან, გადამწყვეტია მისი თავდაცვისთვის, ნორვეგიამ გადაწყვიტა უკრაინას გადასცეს F-16-ის ექვსი გამანადგურებელი“, - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმა.
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის ბიორნ არილდ გრამის თქმით, რადგან უკრაინა მიიღებს უფრო გაწვრთნილ პილოტებს და დამხმარე პერსონალს, კოალიციის წევრები უკრაინისთვის ახალ თვითმფრინავებს დაამატებენ.
გამოცემის თანახმად, ნორვეგიამ F-16-ის გამანადგურებლები სამსახურიდან 2021 წელს შეიარაღებიდამ მოხსნა, F-35-ის ტიპის გამანადგურებლის ეტაპობრივი შევსების გამო.