პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკიმ განცხადებით, საქართველოს ტერიტორიები როდესაც ოკუპირებულია და ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა წარმოადგენს, ჯარს მოაკლო და მილიონები რეიტინგის არმქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს მისცე, სამწუხარო რეალობაა.
მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიაში პოზიციების შესუსტება, წვრთნების არჩატერება, ქართული ჯარის, თუნდაც სიმბოლურ დახმარებაზე უარის თქმა, ყველაზე მეტად საფრთხის შემცველ მხარეს, რუსეთის ფედერაციას აძლევს მეტ უპირატესობას, რაც სტრატეგიული შეცდომა.
„საქართველოს ტერიტორიები როდესაც ოკუპირებულია და ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ასევე, როცა თბილისიდან 700 მეტრში რუსეთის ტანკები დგას და რაკეტაა ჩვენს საფეთქელზე დამიზნებული, როგორ შეიძლება, ამ დროს ჯარს მოაკლო და მილიონები რეიტინგის არმქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს მისცე, რომლებიც მხოლოდ ერთადერთ რამეს ლამობენ, რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში აღმოჩნდნენ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია და გადატრიალება მოაწყონ, სამწუხარო რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, საქართველოში და, ზოგადად, კავკასიაში ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი რუსეთის ფაქტორია და სამხედრო სწავლებების გაურკვეველი დროით გადატანა მხოლოდ საქართველოს მიმართ დემარში არ არის, ეს პოზიციების დათმობას ნიშნავს.
„უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ჯარზე ბიუჯეტიდან მილიარდები იხარჯება, როგორც სამხედრო შეიარაღების, ასევე ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ასევე უშველებელი თანხებია იმ სოციალური დახმარებებისთვის, რაც ჩვენს სამხედროებს სჭირდებათ. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ჯარი რეიტინგებში მოწინავეა, მაშინ როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისი გამჭვირვალობის გამო ეს პრობლემა წარმოიშვა, რეიტინგებში ყველაზე დაბალ დონეზეა. რეიტინგულ ჯარს როდესაც აკლებ, თუნდაც არასაკვანძო და არასაგანგებო მნიშვნელობის დახმარებას, ეს პოლიტიკური დემარში აზიანებს. ერთადერთი, ვისაც ეს შეიძლება უხაროდეს არის ოპოზიციური სუბიექტები, რომელთაც ტაშ-ფანდური აქვთ ატეხილი და ამბობენ, რომ, რაც ხდება არჩევნებისთვის ძალიან კარგია. ეს ასევე უხარიათ რუსეთის ფედერაციაში – ისეთივე ჭადრაკს თამაშობენ, როგორც 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდში იყო. სამხრეთ კავკასიაში პოზიციების შესუსტება, წვრთნების არჩატერება, ქართული ჯარის თუნდაც სიმბოლურ დახმარებაზე უარის თქმა, მეტ უპირატესობას ყველაზე საფრთხის შემცველ მხარე – რუსეთის ფედერაციას აძლევს, რაც სტრატეგიული შეცდომაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.