საქართველო რჩება ნატო-ს ყველაზე ახლო პარტნიორად და ღირებულ საყრდენად როგორც რეგიონში, ასევე ევროატლანტიკური თვალსაზრისით, ეს როგორც ნატო-მ, ასევე ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით და ეს პროცესი გაგრძელდება მომავალშიც,-ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
ელჩის თქმით, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით მომავალი ნაბიჯები და პოლიტიკური კონტექსტი.
“ზოგადად, ამგვარი მასშტაბური შეხვედრების გამოყენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ბუნებრივია. ჩვენ არასდროს არ ვკარგავთ ხოლმე ამგვარ შესაძლებლობებს. თქვენ იცით, რომ საქართველო სამიტებზე დღის წესრიგში ყოველთვის დგას მაღალ დონეზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შესაძლებლობაც არ გავუშვით ხელიდან. მინისტრს ჰქონდა საშუალება, რომ შეხვედროდა თავის კოლეგებს, ნატოელ მინისტრებს, ისევე როგორც ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის უმაღლესი დონის წარმომადგენლებს. გუშინ გვქონდა შეხვედრა ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან ჩვენს რეგიონში, ხავიერ კოლომინასთან, სადაც ვისაუბრეთ ყველა თემაზე, მათ შორის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, ამ შესაძლებლობების გამოყენებაზე, საქართველოს ე.წ SNGP- ის განვითარებაზე, რომელიც საქართველოზე მორგებული პროგრამაა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით მომავალ ნაბიჯებზე ვისაუბრეთ, ისევე რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკურ კონტექსტზე და ჩვენი მომავალი წევრობის თვალსაზრისითაც გვქონდა განხილული სხვადასხვა თემები. საქართველო არის და რჩება ნატოს ფუნდამენტურ პარტნიორად, ყველაზე ახლო პარტნიორად და ღირებულ საყრდენად როგორც რეგიონში, ასევე ევროატლანტიკური თვალსაზრისით. ეს როგორც ნატომ, ასევე ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით და ეს პროცესი გაგრძელდება მომავალშიც”,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ნატოში საქართველოს ელჩის თქმით, წლევანდელი ვაშინგტონის საიუბილეო სამიტის უმთავრეს საკითხებს შორის არის: რუსეთისგან მომდინარე საფრთხე, ნატოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, უკრაინის მაქსიმალური დახმარება და გლობალური პარტნიორობის თვალსაზრისით ურთიერთობების გაუმჯობესება.
“ საქართველოს და მინისტრს ეძლევა საშუალება, რომ პარტნიორებთან, კოლეგებთან განიხილოს ისეთი თემები, როგორიც არის მათ შორის საქართველოს ჩართულობა საერთო ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების ფარგლებში და ჩვენი როლი ძალიან დიდია და კონტრიბუცია და წვლილი არის ძალიან დიდი, მათ შორის ის მსხვერპლი, რომელიც ქვეყანამ გაიღო. ამას ყველა ერთმნიშვნელოვნად აფასებს ბუნებრივია, თუმცა ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ მხარდაჭერას ნატოსთვის და მოკავშირეებისთვის ამ მიმართულებით და ამავე დროს, საკუთარი თავდაცვისუნარიანობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გაძლიერებას, რასთან დაკავშირებითაც როგორც მოკავშირეებში, ასევე საქართველოში მე ვფიქრობ, ორი აზრი არ არსებობს”,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ნატო-ში საქართველოს ელჩის თქმით, დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მართავს მასშტაბურ სადილს, სადაც მიწვეული იქნებიან პრაქტიკულად ყველა რეგიონის პარტნიორები და ილია დარჩიაშვილს ექნება შესაძლებლობა, გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებით ისაუბროს კოლეგებთან.