ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალია დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა.
„ფაქტობრივად, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროს – თავდაცვის მიმართულებითაც კი ჩერდება თანამშრომლობა. ამის ერთ-ერთი ნიშანი ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების გაუქმება იყო. ასევე, გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი სამხედრო სფეროში დაფინანსებას წყვეტს. მსგავს გადაწყვეტილებას ალბათ აშშ-ც მიიღებს. ეს არის ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასი. საქართველოს მოღალატე მთავრობამ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია მავნებელი ხელისუფლების პოლიტიკურ სანაგვეზე გასტუმრება. მსოფლიოს ყველა დემოკრატიული ქვეყანა აცხადებს, რომ საქართველომ დემოკრატიის გზას გადაუხვია და, ფაქტობრივად, დასავლეთის მოწინააღმდეგე და რუსეთის მოკავშირე გახდა. ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ რუსულ პოლიტიკაზე ადეკვატური რეაქციაა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.