თურქეთი მზადაა, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი თურქეთში მიიწვიოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენის მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
"ჩვენ გადავცემთ ჩვენს მოწვევას, ამ მოწვევით გვინდა აღვადგინოთ ურთიერთობები თურქეთსა და სირიას შორის იმ დონეზე, როგორიც იყო წარსულში. ჩვენი მოწვევის გაგზაცნა ნებისმიერ დროს შეიძლება," - თქვა ერდოღანმა.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ანკარა უპასუხებს დამასკოს ნებისმიერ პოზიტიურ ნაბიჯს. კონტაქტის დამყარებაში კი შეიძლება დაეხმარონ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ერაყის პრემიერ მინისტრი მუჰამედ შია ალ-სუდანი
ივნისში ერდოღანმა დაუშვა ასადთან შეხვედრის შესაძლებლობა ურთიერთობების აღდგენის მიზნით. იმავდროულად, სირიის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ურთიერთობის ნორმალიზება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც თურქეთი დათანხმდება თავისი ჯარისკაცების გაყვანასჩ რდილო-დასავლეთ სირიის ამბოხებულთა მიერ კონტროლირებადი რეგიონიდან.
თურქეთმა სირიასთან ურთიერთობა 2011 წელს გაწყვიტა მეზობელ ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ. ამ ომში ანკარა მხარს უჭერდა ამბოხებულებს, რომლებიც ასადის დამხობას ცდილობდნენ. თურქეთის სამხედროებმა ჩაატარეს რამდენიმე სასაზღვრო ოპერაცია მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებიც, თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, საფრთხეს უქმნიდნენ მის ეროვნულ უსაფრთხოებას და თურქული ჯარები ჩრდილოეთ სირიაში განათავსეს.